გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სტრატეგია 2020

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სტრატეგია 
 

  
სტრატეგია მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ “გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების სტრატეგიის შემუშავება თელავისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების მერიებისთვის“ პროექტის ფარგლებში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში


                                                                                                  2020 წ.


შესავალი


კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და დღემდე, არსებული გამოწვევების მიუხედავად, ლიდერად გვევლინება რეგიონში, რასაც სხვადასხვა საერთაშორისო კვლევა და რეიტინგი ადასტურებს. ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების უზრუნველყოფა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და  დემოკრატიული მმართველობის დანერგვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა და შესაძლებელს ხდის მოქალაქეებისთვის დროული და ხარისხიანი სერვისების მიწოდებას, მათ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მოსახლეობისთვის აქტუალური პრობლემების გადაჭრას, რაც დადებითად აისახება ხელისუფლების მიმართ ნდობაზე. 


2019-2020 წლების ეროვნულ ანტიკორუფციულ სტრატეგიაში მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებულ რამდენიმე სხვა ამოცანასთან ერთად გვხვდება მუნიციპალიტეტებში კეთილსინდისიერების და გამჭვირვალობის განმტკიცება, რომლის ერთ-ერთ აქტივობას კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების სტრატეგიების შემუშავება წარმოადგენს. მუნიციპალიტეტებში გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიების და სამოქმედო გეგმების შემუშავება ასევე წარმოადგენს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD-ACN) რეკომენდაციას. შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ დემოკრატიული მმართველობის ინიციატივასთან (Good Governance Initiative) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით მოამზადა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.


სტრატეგიული დოკუმენტის მტკიცებულებებზე დაყრდნობით შემუშავების მიზნით IDFI-სთან თანამშრომლობით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელა გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით არსებული სიტუაციის სიღრმისეული ანალიზი და მოახდინა ხარვეზებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება, რომელთა აღმოსაფხვრელად განსაზღვრა რეკომენდაციები. იდენტიფიცირებული გამოწვევებისა და მათ საპასუხოდ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე განისაზღვრა სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებები, მიზნები და ამოცანები. 


სიტუაციის ანალიზის მომზადებისას რისკების შეფასების კითხვარის გამოყენებით მიღებული და დამუშავებული იქნა საჯარო ინფორმაცია; გაანალიზდა საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროები; ჩატარდა ინტერვიუები მერიის თანამშრომლებთან და ფოკუს ჯგუფის დისკუსია სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივ წარმომადგენლებთან.  გარდა ამისა, არსებული სიტუაციის ანალიზის მომზადების პროცესში მერიამ შეისწავლა არსებული ანტიკორუფციული საკანონმდებლო ჩარჩო და პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტები; საქართველოსთან მიმართებით არსებული საერთაშორისო რეკომენდაციები - OECD-ACN/GRECO-ს მონიტორინგის ანგარიშები და მათი ზოგადი სტანდარტები. აქცენტი გაკეთდა იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობისთვის იყო რელევანტური. ამავდროულად, სიტუაციის ანალიზის ფარგლებში შესწავლილი იქნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიასთან მიმართებით სახელმწიფო აუდიტის ანგარიშები.


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სტრატეგიის საფუძველზე მერიამ შეიმუშავა სტრატეგიის განხორციელების ორწლიანი სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმაში განისაზღვრება კონკრეტული ნაბიჯები სტრატეგიაში იდენტიფიცირებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად, მათი შესრულების ინდიკატორები, პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები, რისკები, ფინანსური რესურსის წყარო და განხორციელების ვადები. 


სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების მიზნით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედგება მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისგან. სამუშაო ჯგუფი წელიწადში ერთხელ უზრუნველყოფს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის გადახედვას, მათი განხორციელების შედეგად მიღებული გამოცდილების საფუძველზე და მიმდინარე გამოწვევების  საპასუხოდ დოკუმენტების განახლებას. 


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას ამტკიცებს ლაგოდეხის მერი.


ხედვა


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია აცნობიერებს, რომ კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვა აუცილებელია სამსახურის გამართული ფუნქციონირებისა და კორუფციის პრევენციის მიზნით. აღნიშნული საჭიროებს მუდმივ ძალისხმევას და გარკვეული მიდგომების ტრანსფორმაციას.


იმის გათვალისწინებით, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ქვეყანამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, ახალ ეტაპზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მთავარ ხედვას წარმოადგენს:


⦁    კორუფციისგან თავისუფალი, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და კეთილსინდისიერი სისტემის ჩამოყალიბება;


⦁    ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა და საჯარო ფინანსური რესურსების ეფექტიანი მართვა;


⦁    მერიის საქმიანობის მიმართ მოსახლეობის ნდობის ზრდა. 

კორუფციის პრევენციის მიზნით ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე სახელმწიფო უწყებათა ჩამოყალიბება საქართველოს ევროპულ ოჯახთან დაახლოების კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით ქვეყანამ აიღო ვალდებულება, შექმნას ანგარიშვალდებული, ეფექტიანი, გამჭვირვალე და პროფესიონალური საჯარო სამსახური.


სტრატეგიული მიმართულებები


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით მერია სტრატეგიულ პრიორიტეტად შემდეგ რვა მიმართულებაზე მუშაობას ასახელებს:


⦁    გამჭვირვალობა, რაც მოიცავს მერიაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, პროაქტიულ გამჭვირვალობასა და მონაცემთა დამუშავების სტანდარტებს, მათ შორის, ღია მონაცემებზე ხელმისაწვდომობას. 


⦁    მოქალაქეთა ჩართულობა და ანგარიშვალდებულება, რაშიც იგულისხმება მერიის საქმიანობაში კანონმდებლობით გათვალისწინებული მონაწილეობის ინსტრუმენტები, გადაწყვეტილების მიღების, მათ შორის, ბიუჯეტის შემუშავების პროცესში თანამშრომელთა და საზოგადოების მონაწილეობის პრაქტიკა.


⦁    ადამიანური რესურსების მართვა, რაშიც მოიაზრება საჯარო სამსახურის შესახებ ძირითადი და დამხმარე კანონმდებლობის პრაქტიკული აღსრულება მოხელეთა სამსახურში აყვანის, გათავისუფლების, ანაზღაურების, კარიერული განვითარების, ეთიკისა და დისციპლინირების საკითხებზე; ადამიანური რესურსების განაწილება.


⦁    ეთიკა და დისციპლინური წარმოება, კორუფციული რისკების შემცირება, რაშიც იგულისხმება მერიის თანამშრომელთა მარეგულირებელი ეთიკისა და კეთილსინდისიერების ნორმები, დისციპლინური წარმოების წესები და სტანდარტები და აღნიშნულ საკითხებზე მერიის თანამშრომელთა ცნობიერება, მამხილებელთა დაცვის ინსტიტუტის შესახებ მოხელეთა ცნობიერება და ამ კუთხით არსებული პრაქტიკა, კორუფციული რისკების შეფასების დანერგვა.


⦁    სახელმწიფო შესყიდვები, რაც გულისხმობს მერიის სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესს და განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ გარემოებებს.  


⦁    ნებართვები და ლიცენზიები სერვისების მიწოდების ხარისხის უზრუნველყოფისა და კეთილსინდისიერების სტანდარტებთან შესაბამისობის კონტექსტში.


⦁    შიდა ფინანსური კონტროლი, როგორც საჯარო დაწესებულების შიდა კონტროლის სისტემა. 


⦁    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მმართველობაში მყოფი იურიდიულ პირები, მათში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფის კონტექსტში. 


მიმართულება I. გამჭვირვალობა 


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში გამჭვირვალობის გარკვეული სტანდარტები უკვე დანერგილია, თუმცა, მერია აანალიზებს, რომ აუცილებელია აღნიშნული სტანდარტების დახვეწა და გაუმჯობესება; საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის კვალიფიკაციაზე მუდმივი ზრუნვა; საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტების პრაქტიკაში სრულყოფილად დანერგვა და ვებგვერდზე მონაცემების მუდმივი განახლების უზრუნველყოფა. გამჭვირვალობის მაღალი დონის მისაღწევად ასევე მნიშვნელოვანია მონაცემების ღია ფორმატში გამოქვეყნების სტანდარტის დამკვიდრება, მათ შორის, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ იურიდიულ პირებში.


შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრატეგიული მიზანია მერიაში გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესება. 


აღნიშნული მიზნის მისაღწევად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია განსაზღვრავს შემდეგ ამოცანებს:


⦁    ლაგოდეხის მერიაში საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება: საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია მერიის გამჭვირვალობის განმტკიცებისთვის. ამისთვის კი მნიშვნელოვანია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა, რადგან სწორედ აღნიშნულ პირს ევალება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის განაცხადებზე რეაგირება და სათანადო პროცედურის განხორციელება. ამავდროულად, რადანაც პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები უზრუნველყოფენ მისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას, მნიშვნელოვანია, აღნიშნული პირებიც სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულები საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებულ წესებსა და სტანდარტებზე.


⦁    საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტისა და პრაქტიკის გაუჯობესება: ლაგოდეხის მერიაში გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის განცხადებებზე სათანადო რეაგირებასთან ერთად მნიშვნელოვანია, მუდმივად ხდებოდეს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, მოთხოვნის გარეშე გაეცნონ შესაბამისი ტიპის ინფორმაციას. ამავდროულად, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ღია მონაცემების მაღალი სტანდარტებით წარმოება და მარტივად დამუშავებად ფორმატში გამოქვეყნება იმისთვის, რომ მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე მოიპოვონ და დაამუშაონ მათთვის საინტერესო ღია მონაცემები. 


მიმართულება II. მოქალაქეთა ჩართულობა და ანგარიშვალდებულება


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია აცნობიერებს, რომ მერიის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის და ანგარიშვალდებულების გაძლიერებისთვის საჭიროა უკვე არსებული მექანიზმების გაუმჯობესება და მათთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირება. მერია მიიჩნევს, რომ საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს საკუთარი უფლებებისა და იმ მექანიზმების შესახებ, რომელთა გამოყენებაც მათ შეუძლიათ ლაგოდეხის მერიის საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად. არანაკლებ მნიშვნელოვანია სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შექმნა და მისი საქმიანობის ხელშეწყობა. პარალელურად მერია საჭიროდ თვლის საზოგადოებასთან ურთიერთობაში მონაწილე პირების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობას.


შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრატეგიული მიზანია მერიის ანგარიშვალდებულების ხარისხის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესება.


აღნიშნული მიზნის მისაღწევად ლაგოდეხის მერია შემდეგ ამოცანებს განსაზღვრავს:


⦁    გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეებთან კომუნიკაციის პრაქტიკის გაუმჯობესება და ჩართულობის უზრუნველყოფა: მერიას უკვე აქვს შემუშავებული მოქალაქეთა ჩართულობისა და მათი ინფორმირების პლატფორმები (მათ შორის, ელექტრონული სახით). ამავდროულად მერია საჭიროდ მიიჩნევს მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას არსებულ მექანიზმებთან და მათ მნიშვნელობასთან დაკავშირებით ისევე, როგორც აღნიშნული მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებაზე ზრუნვას. მოქალაქეთა ჩართულობასთან ერთად, ლაგოდეხის მერიისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს თავად მერიის თანამშრომელთა მონაწილეობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, რაც სათანადოდ გაწერილი პროცედურების მიხედვით უნდა განხორციელდეს. 


⦁    მოსახლეობის ხელშეწყობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ყველაზე საჭირო და მოთხოვნადი სერვისებით სარგებლობასთან დაკავშირებით: ლაგოდეხის მერია თვლის, რომ არსებული სერვისებით შეუფერხებელი სარგებლობისთვის მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს მარტივად შეეძლოთ ამომწურავი ინფორმაციის მიღება კონკრეტული სერვისით სარგებლობის წესისა და პროცედურის შესახებ. 


⦁    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში პოლიტიკის ანალიზის პრაქტიკის დანერგვა: ლაგოდეხის მერია თვლის, რომ სწორად შემუშავებული პოლიტიკა მერიის საქმიანობის ეფექტიანობას გააუმჯობესებს და მოქალაქეებისთვის მეტი სარგებლის მოტანას შეძლებს.


მიმართულება III. ადამიანური რესურსების მართვა


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია აცნობიერებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით დამატებითი რეგულაციების დანერგვის საჭიროებას. კერძოდ, ლაგოდეხის მერია მიზნად ისახავს მუშაობა დაიწყო უწყების ფუნქციური ანალიზის განხორციელებაზე. მერიისთვის მნიშვნელოვან საკითხად რჩება ახლად დანიშნულ თანამშრომლებზე ზრუნვაც: მათთვის შესაძლებელი უნდა იყოს, მარტივად გაეცნონ დაწესებულების საქმიანობას, რეგულაციებს, ორგანიზაციულ საკითხებს თუ სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას. მერიას ასევე გააზრებული აქვს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვის საჭიროება.


შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრატეგიული მიზანია ადამიანური რესურსების მართვის გაუმჯობესება და თანამშრომელთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობა. 


აღნიშნული მიზნის მისაღწევად ლაგოდეხის მერია შემდეგ ამოცანებს განსაზღვრავს:


⦁    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადამიანური რესურსისა და თანამშრომელთა ანაზღაურების რაციონალიზაციის უზრუნველყოფა: საჯარო ფინანსური რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და მერიის საქმიანობის ეფექტიანობის უზრუნველყოფად მნიშვნელოვანია, უწყება დაკომპლექტებული იყოს საქმიანობის წარმატებულად განხორციელებისთვის საჭირო კადრებით, რომელთა სამუშაო აღწერილობები დეტალურად განსაზღვრული, ანაზღაურება კი სამუშაო აღწერილობის შესაბამისია. 


⦁    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა: მერიის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების საჭიროების კვლევა და მის შესაბამისად სასწავლო აქტივობებში თანამშრომელთა ჩართვის უზრუნველყოფა აუცილებელია მერიაზე დაკისრებული ფუნქციების წარმატებით განხორციელებისთვის. ამავდროულად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია საჭიროდ მიიჩნევს ახლად დასაქმებული თანამშრომლების ხელშეწყობას მერიის მუშაობის პრინციპების და პრაქტიკის გაცნობის პროცესში.


მიმართულება IV. ეთიკა და კორუფციული რისკების შემცირება


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ მერიაში მაღალი ეთიკური კულტურისა და სტანდარტების დამკვიდრებისთვის მნიშნელოვანია, შემუშავდეს მერიის სპეციფიკაზე მორგებული ეთიკის კოდექსი და  პრაქტიკული სახელმძღვანელო, სადაც კონკრეტული მაგალითები და პრაქტიკული რჩევები იქნება გათვალისწინებული ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა აკრძალული საჩუქარი, ინტერესთა კონფლიქტი, თანამდებობრივი შეუთავსებლობა, ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენება და ა.შ. ამავდროულად, მერია საჭიროდ თვლის ეთიკის ისევე, როგორც მამხილებლის ინსტიტუტის საკითხებზე თანამშრომელთა და თანამდებობის პირთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ინტენსიური მუშაობას. მერიაში შესაძლებელია გამოიყოს შესაბამისი საშტატო ერთეული, რომელიც ეთიკის კუთხით გარემოს გაუმჯობესებაზე, თანამშრომლებისთვის ეთიკის საკითხებზე რჩევის მიცემაზე იქნება პასუხისმგებელი. პარალელურად ლაგოდეხის მერია მიზნად ისახავს, იმუშაოს ეთიკის ნორმების შესრულების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი სამსახურის შესაძლებლობების განვითარებასა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და დეტალური პროცედურის გაწერაზე.


შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრატეგიული მიზანია მერიაში მაღალი ეთიკური კულტურისა და სტანდარტების დამკვიდრება და კორუფციული რისკების შემცირება. 
აღნიშნული მიზნის მისაღწევად ლაგოდეხის მერია შემდეგ ამოცანებს განსაზღვრავს:


⦁    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ეთიკის ნორმებისა და დისციპლინური წარმოების წესების ნორმატიზება და პრაქტიკაში დანერგვა: აღნიშნული განხორციელდება ლაგოდეხის მერიაზე მორგებული ეთიკის კოდექსის და მისი განმარტებითი სახელმძღვანელოს, ასევე დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და დეტალური პროცედურის შემუშავებით. ხოლო აღნიშნული ნორმების პრაქტიკაში დანერგვის მიზნით მერია უზრუნველყოფს სათანადო ტრენინგებში თანამშრომელთა მონაწილეობასა და კონსულტაციის მექანიზმის დანერგვას. 


⦁    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში კორუფციული რისკების შეფასების სისტემის დანერგვა: ლაგოდეხის მერია კორუფციული რისკების შემცირების მიზნით უზრუნველყოფს კორუფციული რისკების გამოვლენის, მათი მართვისა და მონიტორინგის ინტეგრირებას მერიის საქმიანობაში. 


მიმართულება V. სახელმწიფო შესყიდვები


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია სახელმწიფო შესყიდვებში მაღალი სტანდარტების დასამკვიდრებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. მერია აანალიზებს იმ გამოწვევებს, რომლებიც იდენტიფიცირებულია სახელმწიფო აუდიტისა და შიდა აუდიტის ანგარიშებში და მიზნად ისახავს გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას. მერია აუცილებლად მიიჩნევს ინფრასტრუქტურული ობიექტების მდგომარეობის მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმის არსებობას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შესყიდვების დაგეგმვა-განხორციელების პროცესში ხდებოდეს კეთილსინდისიერების რისკების შეფასება.  მერია გეგმავს, რომ გამოავლინოს განსაკუთრებით პრობლემური სფეროები და აწარმოოს აქტიური კომუნიკაცია მუნიციპალიტეტში მოქმედ კომპანიებსა და შესაძლო მიმწოდებლებთან. ამავდროულად, ლაგოდეხის მერია განახორციელებს სატენდერო პირობების ანალიზსა და ბაზრისა და პოტენციურ მიმწოდებელთა საჭიროების სათანადო კვლევას ისევე, როგორც სრულყოფილი სატენდერო განაცხადების წარმოებას. კონკურენციის ზრდის ხელშესაწყობად მერია უზრუნველყოფს შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში ტენდერის გამოცხადების სავარაუდო პერიოდის დაკონკრეტებას და აქტიურად გაავრცელებს ინფორმაციას ტენდერების შესახებ როგორც ვებგვერდის, ისე სოციალური ქსელების გამოყენებით.


შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით ლაგოდეხის მერიის სტრატეგიული მიზანია მერიაში სახელმწიფო შესყიდვების მაღალი სტანდარტების დამკვიდრება. 


აღნიშნული მიზნის მისაღწევად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია შემდეგ ამოცანებს განსაზღვრავს:


⦁    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით შიდა კონტროლის გაუმჯობესება: ამოცანის ფარგლებში ლაგოდეხის მერიაში დაინერგება ინფრასტრუქტურული ობიექტების მდგომარეობის ეფექტიანი მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც საკმარისი და სათანადო კვალიფიკაციის ადამიანური რესურსებით იქნება დაკომპლექტებული. მერიაში აგრეთვე დაინერგება სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების შესრულების ელექტრონული მონიტორინგის მექანიზმი. 


⦁    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში სახელმწიფო შესყიდვების პროცესის გამჭვირვალობის გაუმჯობესება: ამოცანა მოიაზრებს ლაგოდეხის მერიისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი იურიდიული პირების მიმდინარე ტენდერების შესახებ ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფას მერიის ვებგვერდსა და სოციალური მედიის გვერდზე ისევე, როგორც შესყიდვების წლიური გეგმის სრულყოფას და მასში ტენდერის გამოცხადების სავარაუდო პერიოდის დაკონკრეტებას.


⦁    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის პროცესის გაუმჯობესება: აღნიშნული განხორციელდება მერიის მიერ მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული პოტენციური მიმწოდებლების საჭიროებების კვლევისა და სატენდერო პირობების ანალიზის ისევე, როგორც შესყიდვების დაგეგმვის პროცესში ბაზრის სათანადო კვლევის უზრუნველყოფით. გარდა ამისა, დაინერგება სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის პროცესში კეთილსინდისიერების რისკების შეფასების სისტემა აღნიშნული რისკების გამოვლენისა და მათი მართვის/შემცირების მიზნით.


მიმართულება VI. ნებართვები


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით ძირითადი სტანდარტები დანერგილია. თუმცა, მერია აცნობიერებს ამ მიმართულებით დარჩენილ გამოწვევებს. კერძოდ, მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების საქმიანობის მეტი გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, განყოფილების საქმიანობა სრულად შეესაბამებოდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამავდროულად მერია უზრუნველყოფს ადგილობრივ დონეზე სანებართვო მოწმობების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შემუშავებას. დამატებით მერია საჭიროდ მიიჩნევს აღნიშნული სერვისების, მათი მიწოდების წესის, გასაჩივრების პროცედურის შესახებ ინფორმაციის მარტივად აღქმადი ფორმით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.


შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრატეგიული მიზანია ნებართვების გაცემის სერვისით სარგებლობის გამარტივება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის.


აღნიშნული მიზნის მისაღწევად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია შემდეგ ამოცანებს განსაზღვრავს:


⦁    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში ნებართვების გაცემის სერვისის გაუმჯობესება: ამოცანის ფარგლებში მერია გეგმავს სანებართვო მოწმობების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესების ნორმატიზებას და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას. 


⦁    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში ნებართვების გასაჩივრების პროცედურის გამარტივება: ლაგოდეხის მერია მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფს ნებართვებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების ელექტრონული მექანიზმის დანერგვას.


მიმართულება VII. შიდა აუდიტი


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია მნიშვნელოვნად მიიჩნევს შიდა აუდიტის დამოუკიდებლობისა და საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას და სამსახურის მიერ რისკების მართვის გაუმჯობესებას ისევე, როგორც რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის მექანიზმის დახვეწასა და შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვას.


შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით ლაგოდეხის მერიის სტრატეგიული მიზანია შიდა აუდიტის ეფექტიანობის უზრუნველყოფა.


აღნიშნული მიზნის მისაღწევად ლაგოდეხის მერია შემდეგ ამოცანებს განსაზღვრავს:


⦁    შიდა აუდიტის სამსახურის გაძლიერება: ამოცანის ფარგლებში ლაგოდეხის მერია  უზრუნველყოფს შიდა აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობასა და მისი სათანადო ადამიანური და ფინანსური რესურსით აღჭურვას ისევე, როგორც შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლების მუდმივი პერიოდული გადამზადების პრაქტიკის დანერგვას, მათ შორის, ეთიკისა და ინტერესთა კონფლიქტის საკითხებზე. ამავე ამოცანის ფარგლებში მოხდება შიდა აუდიტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის მექანიზმის დახვეწა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა. 


მიმართულება VIII. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მმართველობაში მყოფი იურიდიული პირები


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი იურიდიული პირების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით მნიშვნელოვანია, თითოეულ იურიდიულ პირში არსებობდეს შიდა კონტროლის ძლიერი და გამართული მექანიზმი. საჭიროა, შემუშავდეს წარმომადგენლობითი ხარჯის აღრიცხვის წესი და აღნიშნულის საფუძველზე მოხდეს თითოეული გასაწევი ხარჯის საჭიროების დასაბუთება. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა შპს-მ უზრუნველყოს წლიური ფინანსური ანგარიშგებისა და მომდევნო სამეურნეო წლის გეგმიური ბიუჯეტის შემუშავება და მათი პარტნიორთა კრებაზე განხილვა. საჭიროა, გაანალიზდეს იურიდიული პირების საქმიანობა და საჭიროების შემთხვევაში განხორციელდეს მათი რეორგანიზაცია. აუცილებელია რომ მერიაში არსებული სტანდარტებისა და პრინციპების დანერგვა ეფექტიანად მოხდეს იურიდიულ პირებში, რომელთა გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხი მნიშვნელოვან გაუმჯობესებას საჭიროებს.


შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით ლაგოდეხის მერიის სტრატეგიული მიზანია მერიის მმართველობაში შემავალი იურიდიული პირების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.


აღნიშნული მიზნის მისაღწევად ლაგოდეხის მერია შემდეგ ამოცანებს განსაზღვრავს:


⦁    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მმართველობაში შემავალი იურიდიული პირების ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვა: აღნიშნული ამოცანა გულისხმობს იურიდიულ პირებში კადრების ოპტიმიზაციის უზრუნველყოფასა და თანამშრომელთა აყვანის გამჭვირვალე, ღია კონკურსების ჩატარების პრაქტიკის დანერგვას.


⦁    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მმართველობაში შემავალ იურიდიულ პირებში გამჭვირვალობის გაუმჯობესება: აღნიშული ამოცანა მოიაზრებს საჯარო ინფორმაციის სრულყოფილად გამოქვეყნებისა და მისი მუდმივი განახლების უზრუნველყოფას (მათ შორის, საშტატო ნუსხები, წესდებები, შესყიდვების გეგმები, ბიუჯეტები, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები და ადმინისტრაციული ხარჯები) ისევე, როგორც საჯარო ინფორმაციასა და ღია მონაცემების, მათი პროაქტიული გამოქვეყნების შესახებ თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებას და სრულყოფილი ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას.


⦁    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მმართველობაში შემავალ იურიდიულ პირებში ეთიკის სტანდარტების დანერგვა: ამოცანა გულისხმობს იურიდიულ პირებში ეთიკის, ინტერესთა შეუთავსებლობის და კეთილსინდისიერების საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას შესაბამისი ტრენინგების საშუალებით.


⦁    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მმართველობაში შემავალ იურიდიულ პირებში შიდა კონტროლის გაუმჯობესება: ამოცანა გულისხმობს დამოუკიდებელი, ძლიერი და გამართული სამსახურების ფუნქციონირებას, რომელიც სათანადო ადამიანური და ფინანსური რესურსებით იქნება უზრუნველყოფილი. 


⦁    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მმართველობაში შემავალი იურიდიული პირების წარმომადგენლობითი ხარჯის აღრიცხვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება: ამოცანაში მოიაზრება ფინანსების ხარჯვის, მათ შორის, ტრანსპორტის მომსახურებაზე და საწვავზე გაწეული ხარჯების დამადასტურებელი სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოება.


სტრატეგიის განხორციელება


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია სტრატეგიას განახორციელებს შემდეგ პრინციპებზე დაყრდნობით:


ანგარიშგება და კეთილსინდისიერება: ლაგოდეხის მერიის მიერ განხორციელდება ანგარიშგება, რაც ხელს შეუწყობს გამჭვირვალობასა და კორუფციის პრევენციას. 


მტკიცებულებებზე დამყარებული მიდგომა: კეთილსინდისიერების პოლიტიკა ლაგოდეხის მერიაში რისკების შესწავლას, განხორციელებული ღონისძიებების ანალიზსა და სტრატეგიული დოკუმენტების შესრულების შეფასებას დაეყრდნობა.  


შედეგზე ორიენტირებული მიდგომა: ლაგოდეხის მერია რეალისტური მიზნებს დასახავს და მხედველობაში მიიღებს არსებული მონაცემებს, რომელიც აქტივობების შედეგების შეფასების შესაძლებლობას იძლევა. 


სამოქალაქო სექტორის ჩართულობა: კეთილსინდისიერების პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელებისთვის მერია ითანამშრომლებს სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესსექტორთან. სამოქალაქო სექტორი ჩართული იქნება არა მხოლოდ სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში, არამედ მათი შესრულების მონიტორინგის პროცესშიც. 


პროცესის გამჭვირვალობა და საჯარო კონსულტაციები: სტრატეგიული დოკუმენტების მომზადების პროცესში უზრუნველყოფილი იქნება ღიაობა, ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობა მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების გათვალისწინების მიზნით. 


გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი


გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის მეთოდოლოგიის ძირითადი მიზანია, შექმნას სახელმძღვანელო პრინციპები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნება გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი და გატარებული პოლიტიკის შეფასება, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული დოკუმენტებით გათვალისწინებული მიზნებისა ამოცანების მიღწევას. 


მონიტორინგის მეთოდოლოგია დაფუძნებულია ღიაობის, ანგარიშვალდებულების, პასუხისმგებლობისა და ჩართულობის პრინციპებზე. დოკუმენტში წარმოდგენილია მონიტორინგის განხორციელებისათვის საჭირო მიდგომები, თვისებრივი და რაოდენობრივი შეფასების მეთოდოლოგიური ინსტრუმენტები. 


მონიტორინგის პროცესში გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანებისა და აქტივობების შესრულება გაიზომება მათთვის განსაზღვრული რაოდენობრივი ან/და ხარისხობრივი ინდიკატორების მიხედვით. 
ამოცანებისა და აქტივობების შესრულებას მიენიჭება ოთხიდან ერთი სტატუსი:


⦁    სრულად შესრულებული - აქტივობა/ამოცანა სრულად შესრულდა ან თითქმის სრულად შესრულდა და მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია დასასრულებელი. 


⦁    მეტწილად შესრულებული - აქტივობის/ამოცანის ძირითადი ნაწილი შესრულდა, თუმცა, გარკვეული ნაწილი ისევ შესასრულებელია. 


⦁    ნაწილობრივ შესრულებული - აქტივობის/ამოცანის გარკვეული ნაწილია შესრულებული და ძირითადი ნაწილი არ შესრულებულა. 


⦁    შეუსრულებელი - აქტივობა/ამოცანა საერთოდ არ შესრულებულა ან მისი იმდენად უმნიშვნელო ნაწილი შესრულდა, რომ პროგრესის დაფიქსირება ფაქტიურად შეუძლებელია. 


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია მონიტორინგის ანგარიშს წელიწადში ერთხელ მოამზადებს, რა დროსაც შეფასდება მიღწეული პროგრესი და არსებული გამოწვევები. მონიტორინგის ანგარიში კომენტარებისთვის მიეწოდებათ პროცესში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოსაზრებებისთვის. მონიტორინგის შედეგების განხილვა მოხდება მერიის თანამშრომლებთან და ფართო საზოგადოებასთან. 


სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციას განახორციელებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია, სადაც პროცესის ეფექტიანად წარმართვის მიზნით გამოიყოფა საკონტაქტო პირი, რომელიც სრულად იქნება ინფორმირებული სამოქმედო გეგმის, მისი შესრულების ეტაპებისა და პასუხისმგებელი რგოლების შესახებ.

 

 

გააზიარე